top of page
მხიარული სტარტები

ეს თამაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და უბრალოდ, მხიარულად და სასარგებლოდ დროის გატარების კარგი საშუალებაა.

#თემი #სპორტი #სკოლა #ბავშვებისთვის #გარეთ

კოორდინატორი: 3 ან მეტი

მონაწილე: შეუზღუდავი

გამარჯვებული - 1 გუნდი

მოსამზადებელი ეტაპი: 1-2 დღე

ღონისძიება: 1-3 საათი

ბურთები, ლახტები, ტომრები, ბადეები, კალათები, ცარცი, სასტვენი და სხვ., გამომდინარე იქედან, თუ რომელ აქტივობებს შეიტანთ პროგრამაში.

ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1. განსაზღვრეთ იმ მონაწილეთა ასაკი, რომელთათვისაც აკეთებთ მხიარულ სტარტებს და ამის მიხედვით აარჩიეთ და ჩამოწერეთ სპორტული აქტივობები/სავარჯიშოები, რომელთაც გამოიყენებთ მხიარულ სტარტებში. არ შეიძლება მხიარულ სტარტებში ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა 5 და 16 წლის ახალგაზრდებმა; ასაკიდან გამომდინარე განსაზღვრეთ აქტივობების სირთულე.

შეარჩიეთ ადგილი, სადაც ჩაატარებთ შეჯიბრებას და განსაზღვრეთ რამდენად მოხერხდება ამ ტერიტორიაზე იმ აქტივობების ჩატარება, რომლებიც გსურთ განახორციელოთ. შეარჩიეთ ის აქტივობები, რომელთა ჩატარებაც გამოვა ამ ტერიტორიაზე და გააკეთეთ თითოეული აქტივობის აღწერა - წესებით, საჭირო ნივთებით, მიახლოებითი დროით, რომელიც ამ აქტივობას დასჭირდება (ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ცის ქვეშ, ისე შენობაში, სკოლის სტადიონზე).

 

ნაბიჯი 2. შექმენით ღონისძიება სოციალურ ქსელში ღონისძიების მოკლე აღწერითა და დროისა და ადგილის მითითებით და მოიწვიეთ მეგობრები მასში მონაწილეობის მისაღებად.


ნაბიჯი 3. განსაზღვრეთ შეფასების კრიტერიუმები. მიანიჭეთ თითოეულ დავალებას ქულები და მიანიჭეთ ისინი გუნდებს იმის მიხედვით, თუ რომელმა გუნდმა შეასრულა დავალებები ყველაზე სწრაფად და უშეცდომოდ; თამაშის წესების დარღვევისათვის ჩამოაკელით გუნდს ქულები; საბოლოოდ, შეაჯამეთ ყველა დავალებაში მოპოვებული ქულები და ასე გამოავლინეთ გამარჯვებული.

 

ნაბიჯი 4. ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ეწვიეთ თქვენ მიერ არჩეულ ტერიტორიას და მოამზადეთ ის აქტივობისათვის.

ნაბიჯი 5. მონაწილეთა შეკრების შემდეგ დაყავით ისინი ჯგუფებად; აუხსენით მათ თამაშის წესები და შეფასების კრიტერიუმები. დაიწყეთ თამაში.

 

ნაბიჯი 6. თამაშის დასრულების შემდეგ გამოაცხადეთ გამარჯვებული გუნდის სახელი, დააჯილდოვეთ გამარჯვებულები აპლოდისმენტებით, სიგელებით ან პრიზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ავტორები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center  - https://www.facebook.com/tycgeorgia/

Up Icon.png
bottom of page