top of page
სტრიტ არტი

სტრიტ არტი საკუთარი აზრისა და პროტესტის გამოხატვის საშუალებაა

#თემი #კულტურა

კოორდინატორი: 2-3

მონაწილე: შეუზღუდავი

მოსამზადებლად:  1-2 დღე

ღონისძება: 3 საათი ან მეტი

საჭირო მასალები: ნიღბები, ხელთათმანები, საღებავის შესასხურებლები, გამხსნელი ხსნარი (ე.წ. растворитель), ფუნჯები, კიბე, სველი სალფეთქები, წყალი და საპონი, ტრაფარეტები; ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩაიცვათ ის ტანსაცმელი, რომლის დაზიანებაც არ დაგენანებათ, რადგან აუცილებლად დაისვრებით

თავდაპირველად, სტრიტ არტი საკუთარი აზრისა და ხედვის გამოხატვის და პროტესტის საშუალება იყო. მოცემული აქტივობა გაძლევთ შესაძლებლობას მისაღები ფორმით გააპროტესტოთ ან, უბრალოდ, ხაზი გაუსვათ საზოგადოებაში არსებულ პრობლემას. ამავდროულად, გაალამაზოთ და გამოაცოცხლოთ თქვენი ქალაქი პოზიტიური ფერებით.

ინსტრუქცია:

 

გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი მხატვრობა შეიძლება როგორც უბრალოდ ქალაქის გალამაზების ხასიათს ატარებდეს, ასევე, ძალიან დიდ აზრს გამოხატავდეს და გარკვეული განცხადება, მოწოდება ან პროტესტი იყოს რომელიმე თემაზე.

 

ნაბიჯი 1. შეარჩიეთ ადგილი, რომლის მოხატვაც გსურთ და ნახატი, რომელიც გსურთ დაიტანოთ ამ ადგილას. თუ ადგილი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, მაგალითად, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, პარკი ან გადასასვლელი, მიმართეთ განცხადებით ადგილობივ თვითმმართველობას და სთხოვეთ მათ ნებართვა მოცემული ადგილის მოსახატად. არ დაგავიწყდეთ, რომ განცხადებას დაურთოთ სურათი, რომლის დახატვაც გსურთ, რათა მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა მოგცეთ ნებართვა სტრიტ არტის შესაქმნელად. გაითვალისწინეთ, რომ ნებართვის გარეშე თქვენ მიერ შესრულებული ნახატი ჩაითვლება სამართალდარღვევად, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ მოცემული შენობა ეკუთნის კერძო პირს, შეუთანხმდით მას.

 

ნაბიჯი 2. თუ ნახატი ატარებს გარკვეულ შინაარსს და უნდა მოერგოს რამე თემატიკას, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ ნახატების კონკურსი და გამოგზავნილი ნახატებიდან აარჩიოთ ის, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს მოცემულ შინაარსს. გამარჯვებული შეგიძლიათ გამოავლინოთ ონლაინ, ხმათა რაოდენობის მიხედვით. არ დაგავიწდეთ, რომ ნახატი აუცილებლად უნდა შეათანხმოთ თვითმმართველობასთან.

სტრიტ არტის შექმნისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთზე მეტი ადამიანი მუშაობს, აუცილებელია ქმედებების სწორად კოორდინირება, რათა თითოეულმა მონაწილემ იცოდეს ნახატის ის ფრაგმენტი, რომელსაც ქმნის და უნდა იმუშაოს ისე, რომ არ შეუშალოს ხელი სხვა მონაწილეებს.

 

ნაბიჯი 3. სტრიტ არტი ისეთი ღონისძიებაა, რომელში მონაწილეობის მიღება ყველას არ შეუძლია, რადგან ის მოითხოვს გარკვეულ შემოქმედებით ნიჭსა და ტექნიკას, ამიტომ, ამ ღონისძიებისთვის მონაწილეები შეგიძლიათ შეარჩიოთ და მიიწვიოთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ დაიხმაროთ ამაში სკოლის ხელოვნების ან თქვენს ქალაქში/სოფელში არსებული შემოქმედებითი წრის პედაგოგები) ან შექმნათ ღონისძიება სოციალურ ქსელში ღონისძიების მოკლე აღწერითა და დროისა და ადგილის მითითებით და მოიწვიეთ მეგობრები მასში მონაწილეობის მისაღებად, თქვენი შეხედულებისამებრ.

 

ნაბიჯი 4. იმისათვის, რომ გაიადვილოთ საქმე, შეგიძლიათ ნახატის ზოგი ნაწილი შექმნათ სახლში, ქაღალდზე გამოჭრათ ის და გამოიყენოთ როგორც ტრაფარეტი. ანუ, დაადოთ მოცემული ტრაფარეტი ადგილს და უბრალოდ შეღებოთ ის ამ გზით. ასევე, საღებავების შეძენა ნახატის შესაქმნელად შეგიძლიათ უკვე იმის შემდეგ, როდესაც შეარჩევთ და დაამტკიცებთ იმ ნახატს, რომელიც უნდა დაიტანოთ ზედაპირზე (ასე თქვენ შეგეძლებათ წინასწარ განსაზღვროთ რომელი ფერის საღებავები დაჭირდებათ და რა ოდენობით).

 

ნაბიჯი 5. შეიკრიბეთ და დაიტანეთ ნახატი დანიშნულების ადგილას. არ დაგავიწყდეთ აქტივობის შემდეგ დაასუფთაოთ სამუშაო ადგილი.

ავტორები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Center  - https://www.facebook.com/tycgeorgia/

Up Icon.png
bottom of page