top of page
იდეის რეალიზება

ამ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ უამრავ იდეას ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვებგვერდი შთაგაგონებთ და აღგიძრავთ ახალი თავგადასავლების დაწყების სურვილს.

თქვენი პროექტის თავგადასავლის დასაწყისში გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა მოძებნოთ, რა არ უნდა დაგავიწყდეთ და რა დაგეხმარებათ.

რატომ არის ადგილობრივი პროექტები თავგადასავალი? უმჯობესია აღნიშნულ კითხვაზე პასუხი პრაქტიკაში მოიძიოთ, მაგრამ ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ თუ რას ვგულისხმობთ:

  • პროექტის განხორციელება ნიშნავს სწავლას ქმედების მეშვეობით - ის უამრავი აღმოჩენის გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ, როგორც საკუთარ თავში, ისე თქვენს ქალაქსა და ხალხშიც. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაც თქვენთვისაა საინტერესო, შეგიძლიათ ისწავლოთ დროის და გუნდის მართვა, თანამშრომლობა, უკეთესი კომუნიკაცია, კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება, დახმარების მოიძიება, ახალი კონტაქტების დაამყარება და, ალბათ, კიდევ ბევრი რამ!

  • პროექტების განხორციელება ხდება ადამიანებთან ერთად, რაც წარმოადგენს ჯგუფური მუშაობის მოტივაციას, ასწავლის თანამშრომლობასა და კომუნიკაციას, ასევე, პროექტის განხორციელების დროს ახალი მეგობრების და ნაცნობების შესაძენად საუკეთესო საშუალებაა;

  • თავისუფლება და დამოუკიდებლობა - თქვენ, როგორც საპროექტო ჯგუფი, მართავთ მთელ პროექტს, პასუხისმგებელნი ხართ საერთო მიზნის და ყველა პროცესის შესრულებაზე, რაც დიდ ვალდებულებას და პასუხისმგებლობის შეგრძნებას იძლევა.

აპირებთ თავგადასავალის დაწყებას?

მოდით გავაკეთოთ ადგილობრივი პროექტი ერთად! როგორ დავგეგმოთ ეს ყველაფერი?

1. რისი გაკეთება გსურთ?

იფიქრეთ იმ ადგილის შესახებ, სადაც ცხოვრობთ, შეეცადეთ სხვა პერსპექტივით შეხედოთ მას - ზოგჯერ სხვა კუთხით უნდა შეხედოთ იმისათვის, რომ საინტერესო თემა იპოვოთ (ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან!).

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი მეზობლებთან, ხანდაზმულ ადამიანებთან, მაღაზიის გამყიდველებთან ან ადგილობრივ ხელოვანთან. ეწვიეთ ისეთ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივ არ მიდიხართ. იქნებ, იპოვოთ რამე საინტერესო, ან ისეთი რამ, რაც მანამდე არ იცოდით ან არ შეგინიშნავთ. იმ შემთხვევაში, თუ ისეთ რამეს აღმოაჩენთ, რაც არ მოგწონთ, ეს ასევე ძალიან კარგია პროექტის განხორციელებისთვის, რადგან, შეგეძლებათ შეცვალოთ რაღაც უკეთესობისაკენ. პროექტის იდეა შეიძლება იწყებოდეს თემით, კონკრეტული საგნებით და ზოგჯერ მეთოდით.

მაგალითად, თქვენ გსურთ გააკეთოთ პროექტი, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი სოფლის ისტორიასთან. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, თქვენ ეძებთ მეთოდს, თუ როგორ განახორციელებთ თქვენს იდეას. არის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ საინტერესო რეპორტაჟის გაკეთება გსურთ საინტერესო თემიდან გამომდინარე.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ადგილობრივი კვლევით თქვენს სოფელში (კვლევის განსახორციელებლად შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე იდეა ჩვენს ვებგვერდზე). მაგალითად: თუ გსურთ რამეს გაკეთება ისტორიასთან დაკავშირებით, მაშინ შეგიძლიათ მოძებნოთ საინტერესო თემები, გამოკითხოთ მოსახლეობა, შექმნათ კითხვარები და გაისეირნოთ.

კარგმა პროექტმა უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა, პროექტის თემა უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, ის უნდა შეეხოს პრობლემას ან ისეთ კითხვას, რომელზეც ნამდვილად გსურთ იპოვოთ გამოსავალი ან პასუხი. ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ იმაში, რომ აღნიშნული თემა თქვენთვის საინტერესო და დამაინტრიგებელია. თქვენ უნდა გსურდეთ დროისა და ენერგიის დათმობა მისი განხორციელებისათვის.

პროექტისათვის იდეის მოძებნისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი მეთოდი - ე.წ. SWOT ანალიზი (ინგლისური სიტყვებიდან Strengths - ძლიერი მხარე და Weaknesses - სუსტი მხარეები, Opportunities - შესაძლებლობები და Threats - საფრთხე). ამგვარი ანალიზი შეიძლება დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, შეძლებთ ბევრი საკითხის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ფურცელი და თქვენი გუნდი :)

(სურათი)

ძლიერი მხარეები (შიდა ფაქტორები, რაზაც გაგაჩნიათ გავლენა, მაგალითად, თქვენი მზადყოფნა რესურსებზე, თემისადმი ინტერესი და ა.შ.) /

სუსტი მხარეები (შიდა ფაქტორები, მაგ: დროის ნაკლებობა, თემასთან დაკავშირებული სირთულე და ა.შ.)

  • შესაძლებლობები (გარე ფაქტორები, მათი ზეგავლენა პროექტზე, თქვენს გარემოზე, საზოგადოებაზე. მაგ. თქვენს სოფელში მცხოვრები მოსახლეობა დაინტერესებულია თემით, შეჯამებისთვის კარგი დრო შეიძლება იყოს სოფლის ყოველწლიური ფესტივალი და ა.შ.)

  • საფრთხეები (გარე ფაქტორები - მაგ. მოსახლეობას არ სურს თქვენთან საუბარი, შეხვედრის ორგანიზებისთვის ადგილის არქონა და ა.შ.)

ერთობლივი ბრეინშტორმინგის და ყველა ველის შევსების შემდეგ, გადახედეთ ანალიზს, რათა გაიაზროთ პროექტის წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობა. უნდა ვიცოდეთ, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საფრთხეებმა და ხომ არ არის შესაძლებელი, ხელი შეეშალოს პროექტის განხორციელებას? შესაძლებელია თუ არა, რომ საფრთხეებთან გასამკლავებლად საჭირო იყოს შესაბამისი სტრატეგიის მოძიება? შეიძლება როგორმე დაბალანსდეს სუსტი მხარეები? იქნებ გჭირდებათ გუნდში ვინმეს მოწვევა? როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ პროექტის განხორციელების შანსი?

2. პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები და იდეა!

თქვენ თუ უკვე გაქვთ იდეა, მოძებნეთ თემით დაინტერესებული ადამიანები, შეადგინეთ გეგმა და ერთმანეთში გაინაწილეთ დავალებები. პროექტის სიდიდის შესაბამისად, შეგიძლიათ დაიყოთ სამუშაო ჯგუფებად (მაგ. თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება, ბიუჯეტის მართვა, საქმიანობის ხელშეწყობა, შეხვედრების ორგანიზება და ა.შ.). გაინაწილეთ დავალებები ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით; ასევე, გაითვალისწინეთ ის, თუ რისი შესწავლა გსურთ პროექტის განხორციელების პროცესში (იქნებ, ვინმეს სურს ისწავლოს სურათების გადაღება. მას ამ შემთხვევაში შეუძლია შეუერთდეს დოკუმენტაციის შემგროვებელ ჯგუფს და ა.შ.) და როგორია თქვენი შესაძლებლობები დროის თვალსაზრისით (რამდენი საათი შეგიძლიათ დაუთმოთ პროექტზე მუშაობას).

განსაზღვრეთ შეხვედრების რაოდენობა - პროექტის განხორციელების განმავლობაში მნიშვნელოვანია რეგულარული ჯგუფური შეხვედრები. შეხვედრების დროს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს აქტივობები; მოძებნოთ იმ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობები, რომლებსაც გადაეყარეთ და შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

3. როგორ მოვახდინოთ დროში საქმიანობის განხორციელება?

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილი, რომელშიც ჩამოწერთ ყველა დაგეგმილ აქტივობას და მათი განხორციელების დროს. მიზანშეწონილია პროექტის დაყოფა მცირე აქტივობებად. ასეთი ცხრილი შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

4. პროექტის განხორციელება

სწორედ აქ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ! თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ პროექტზე, როგორც გზაზე - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გზის დასასრული, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რაც გვხდება გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია: პროცესი; უნარები და ცოდნა, რომელსაც თქვენ შეიძენთ; ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით; თავგადასავალი, რომელიც თავს ერთად გადაგხდებათ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის საბოლოო პროდუქტიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ვიზრუნოთ მასზე, ასევე, მიზანშეწონილია პროექტის განხორციელებისას ვისიამოვნოთ პროცესით და ამასთანავე კარგად გავერთოთ.

არ უნდა შეგვეშინდეს ცვლილებებისა და მოქნილობის - ყოველთვის არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც თავდაპირველად ჩავიფიქრეთ. შეიძლება არსებობდეს ახალი შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც მიზანშეწონილი იქნება. შესაძლებელია, შეცვალოთ მუშაობის ფორმა დროის ნაკლებობიდან გამომდინარე ან ახალი ადამიანების გამოჩენის გამო, რომლებსაც შეუძლიათ საინტერესო რამ შემოიტანონ პროექტში. ისაუბრეთ ცვლილებებზე და ჯგუფურად მიიღეთ გადაწყვეტილებები!

5. გააზიარე შენი შედეგები!

მიზანშწონილია იმის ჩვენება, რაც გააკეთეთ! პროექტის თემატიკისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შედეგების ჩვენება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. თქვენი შესაძლებლობიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ჩვენების წარდგენა სკოლაში, პარკში, შენობის კედელზე ან გზის მახლობლად მდებარე ღობეზე. დაფიქრდით შერჩეული ადგილის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ადგილის არჩევანი ხალხის მოსვლაზე (ზოგიერთი ვერ მივა კულტურის სახლში, ზოგი არ მოვა ტყეში). მიზანშეწონილია, რომ შემაჯამებელი შეხვედრა განხორციელდეს საჯარო ადგილას, სადაც ყველა მსურველს მიეცემა მისვლის შესაძლებლობა.

აცნობეთ მოსახლეობას თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესახებ. მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ პლაკატები - ამისათვის დაგჭირდებათ დიდი ქაღალდი და საღებავი! თუ გსურთ პლაკატების დაბეჭდვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ www.canva.com (უფასო ონლაინ ინსტრუმენტი პლაკატების შესაქმნელად). ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია ასფალტზე ლოზუნგების დაწერით, ან, ასევე, კარგი საშუალებაა სკოლაში მეგობრების მოწვევა ღონისძიების გასასაჯაროებლად. ხშირად მიზანშეწონილია კარდაკარ სიარული, რათა მოსახლეობამ გაიგოს ღონისძიებაზე მიწვევის / პროექტში მონაწილეობის მიღების შესახებ. უშუალო მოწვევა ყოველთვის უფრო შედეგიანია!

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ პროექტი და მისი შედეგები ინტერნეტში; შეგიძლიათ შექმნათ გალერეა ან ბლოგი, ან განათავსოთ ფოტოები და ვიდეომასალა ვებსაიტებზე (Facebook, YouTube, Vimeo, Instagram, ...), ან გამოიყენოთ ადგილობრივი გაზეთი და იქ განათავსოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაავრცელოთ ინფორმაცია!

6. პროექტის დასრულება - შეჯამება/შეფასება

პროექტის დასრულების შემდეგ, თქვენ გელოდებათ თქვენი საქმიანობის შეფასება. ეს არაჩვეულებრივი მომენტია, რათა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გააკეთეთ ერთად, რა შედეგებს მიაღწიეთ, რა უნდა შეიცვალოს და რა მიიღეთ ერთობლივი სწავლისა და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. შედეგების შეჯამება არ არის შეფასება - ეს არის რეფლექსია, რომელიც კარგად უნდა გაიაზროთ. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვისწავლოთ, შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება, გამოვიტანოთ დასკვნები მომავლისათვის. ხანდახან შეფასების დროს იბადება ახალი პროექტების იდეები!

ქვემოთ მოცემულია იმ კითხვების ნიმუშები, რომლებიც შეგიძლიათ დასვათ თქვენი პროექტის შეჯამების დროს:

კითხვები ერთობლივი/პროექტის შეფასებისათვის:

  • მიღწეულ იქნა თუ არა პროექტის მიზანი?

  • რა შეიცვალა პროექტის განხორციელების წყალობით თქვენს სოფელში?

  • რას გააკეთებდით სხვანაირად, ან რას შეცვლიდით?

  • ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

  • პირადი შეფასების საკითხები (ისინი შეგიძლიათ გააზიაროთ ან მხოლოდ თქვენთვის დაიტოვოთ):

  • რა ვისწავლე პროექტის განხორციელების დროს?

  • რა შეიცვალა ჩემში / ჩემს ცხოვრებაში / ჩემს ურთიერთობებში?

  • რა იყო ყველაზე რთული?

  • რა იყო სახალისო პროექტის განხორციელებისას?

  • აღმოვაჩინე თუ არა ჩემი ძლიერი მხარეები? ვიცი თუ არა რა გამომდის ყველაზე კარგად?

7. პროექტის დასრულება და ზეიმი

დასრულება ასევე გვაძლევს ზეიმის შესაძლებლობას! იყავით ერთად და იზეიმეთ ის, რაც ერთად გააკეთეთ. შეგიძლიათ მოაწყოთ წვეულება, ექსკურსია, დაანთოთ კოცონი ან მოაწყოთ პიკნიკი. ერთად დაფიქრდით, თუ როგორ გინდათ პროექტის დასრულების აღნიშვნა.

მომდევნო თავგადასავლებისათვის თუ მზად ხართ - შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ - მოაწყვეთ შეხვედრა დაინტერესებულთათვის და იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ და რა გზით გსურთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

გისურვებთ ბევრ წარმატებულ პროექტს და ულევ გართობას!

Up Icon.png
bottom of page