top of page
Stop motion - შეჩერებული მოძრაობის ანიმაცია

ოდესმე გსმენიათ შეჩერებული მოძრაობის ანიმაციის შესახებ? ეს არის მოკლე ანიმაციური ფილმის დამოუკიდებლად გადაღების საშუალება

#თემი #კულტურა #მედია

კოორდინატორი: 1-2

მონაწილე: 5-10

მოსამზადებლად: 2-3 კვირა

განსახორციელებლად: 2-3 საათი

ანიმაციისთვის ერთი სტენდი, ფოტოკამერა, კომპიუტერი, სამფეხა შტატივი, სმარტფონ(ებ)ი, ხელოვნებისთვის საჭირო მასალები, მაკრატელი, წებო, სკოჩი, დიდი ფურცელი ფონისათვის, მომზადებული სცენარი

განხორციელება:

აღნიშნული მეთოდი გულისხმობს უამრავი სურათის გადაღებას. დავუშვათ, რომ ვიღებთ ობიექტს - მაგ. ფორთოხალს მაგიდაზე. კამერა / სმარტფონი დაყენებულია შტატივზე, ვიღებთ ფორთოხლის 20 ფოტოს, ყოველი სურათის გადაღებისას გადავაადგილებთ ფორთოხალს რამდენიმე სანტიმეტრი. სამონტაჟო პროგრამის საშუალებით თითოეულ სურათს ეძლევა გარკვეული დრო (ზოგიერთი პროგრამა ამას ავტომატურად აკეთებს), ჩვენ შეგვიძლია გავაცოცხლოთ იგი მაგიდაზე გადაადგილების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი წარმოსახვიდან და იდეებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ ფორთოხალს თვალები და ტუჩები, იმისათვის, რომ კიდევ უფრო "ცოცხალი" გავხადოთ იგი. ანალოგიურად, ჩვენ შეგვიძლია გავააქტიუროთ ნებისმიერი საგანი/ობიექტი, ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანები, რომ შექმნან მაგალითად ქორეოგრაფიული მოძრაობები, რომელიც ამ გზით გადაღებისას სულ სხვაგვარად გამოიყურება.

 

კიდევ ერთი ვარიანტია ნახატების საფუძველზე შექმნილი ანიმაცია, რომელიც ქვემოთაა აღწერილი.

 

საუკეთესო ანიმაციური პროგრამაა Dragonframe (https://www.dragonframe.com). ეს არის ფასიანი პროგრამა, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი საცდელი ვერსია 30 დღის განმავლობაში უფასოდ. ამ პროგრამის გამოყენებისათვის დაგჭირდებათ კამერა (მწარმოებლის ვებსაიტზე განთავსებულია კამერების სია), კომპიუტერი და შესაბამისი კაბელი.

 

ასევე, არსებობს პროგრამები სმარტფონისათვის, მაგ. Stop Motion Studio (Android), რომელიც დაგეხმარებათ გადაიღოთ ანიმაცია დამატებითი აპარატურის / პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.

 

ანიმაცია არის მუშაობის მეთოდი, რომელიც მიმზიდველიცაა და საინტერესოც - მისი შესწავლის შემდეგ, შეგეძლებათ მისი გამოყენება სხვადასხვა ხერხით.

 

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდი საინტერესო ისტორიის მოსაყოლად. ამ მეთოდის გამოყენებით შეგიძლიათ ლექსების ან საინტერესო ისტორიის წარდგენა. ეს, ასევე, შესანიშნავი ფორმაა თქვენი ღონისძიების რეკლამირებისათვის, ან თქვენი ორგანიზაციის პოპულარიზაციისათვის. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხსენებული მეთოდი, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ან პრობლემა გააცნოთ საზოგადოებას.

მოამზადეთ სცენარი თქვენი ანიმაციისათვის. დაყავით სიუჟეტი ცალკეულ სცენებად. დაგეგმეთ ზუსტად ის, რაც მოხდება თითოეულ სცენაზე. ერთად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი ჩანაფიქრი.

 

შემდეგი ნაბიჯი არის ანიმაციის სცენოგრაფია და დეკორაციული ელემენტები. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ან გამოჭრათ ფიგურები ფერადი მუყაოსგან. ანიმაციაში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წარწერები, მაგალითად: ამოჭრილი ასოების ცალ-ცალკე დამატება.

სცენარის მიხედვით ანიმაციის გადაღება:

აღნიშნული წარმოადგენს მუშაობის გრძელ ეტაპს, რომელიც საჭიროებს მაქსიმალურ კონცენტრაციას და მოთმინებას. საჭიროა მაგიდა, მუდმივი განათება, ფონი (მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ფონის დაფიქსირება - მაგ: მაგიდაზე დამაგრებული ფერადი მუყაო, დაფა, ქსოვილი), სცენოგრფია (რასაც ფონზე ვხედავთ), პერსონაჟების / ცხოველების ნივთები, ყველა, ვინც მონაწილეობს თქვენს მოთხრობაში. სტაციონარული ელემენტები (მაგ. სახლები, ხეები, მთები და ა.შ.) უნდა იყოს მიწებებული ფონზე, რათა ნივთები უმოძრაოდ დარჩეს, სხვა დანარჩენი კი მოძრავი ელემენტებია, რომლებიც ანიმაციის დროს იცვლიან პოზიციებს, ადგილებს. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოძრავი ელემენტების გადაადგილება უნდა მოხდეს მცირე მანძილზე, რაც მოგვიანებით დაგვეხმარება ბუნებრივი მოძრაობის ეფექტის მიღებაში.

 

შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკალური ნაწილი - ჩაწეროთ დიალოგები ან მუსიკა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტები, სადაც მოიპოვებთ მუსიკას და ხმების ჩანაწერს (მაგალითად, www.freepd.com, www.freesound.org).

 

დასკვნითი ეტაპი არის ყველაფრის შეერთება - მონტაჟი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ მიერ გამოყენებულ პროგრამაზე (ზემოთ აღწერილია პროგრამების რამდენიმე ვარიანტი).

 

მზა ანიმაცია შეიძლება განთავსდეს თქვენს ვებ-საიტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ ჩვენების პრემიერა.

 

ანიმაციების მაგალითები:

https://www.youtube.com/watch?v=nMiPxKK0npU

https://www.facebook.com/galicyjskafundacja.krzywa/videos/374025476488369/

https://www.youtube.com/watch?v=eyjsnDh5zBY

https://www.youtube.com/watch?v=0TaCUkSFLbo

ავტორები

Გალიციური განვითარების და განათლების ფონდი (პოლონეთი)

Up Icon.png
bottom of page