top of page
For Leaders.png
ლიდერებისთვის

რა როლი აქვს ახალგაზრდულ ლიდერს? მისი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებთან ერთად პროექტებზე მუშაობა, რათა დროთა განმავლობაში მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ლიდერობა გაძლევთ შესაძლებლობას, სცადოთ, ისწავლოთ და დაუშვათ შეცდომები. ამავე დროს, ლიდერი ახალგაზრდების მხარდამჭერია.

ახალგაზრდულ ლიდერს ადგილობრივი საქმიანობა ასწავლის გარემოს აღქმას, პასუხისმგებლობას, საკუთარი ადგილის პოვნას ნებისმიერ პროექტში თუ ინიციატივაში. ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ პროექტებში მათ საშუალებას აძლევს, გავლენა იქონიონ მიმდინარე რეალობაზე, ეხმარება მათ გაცნობიერებულ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ადგილობრივი ინიციატივებია ე.წ. „დემოკრატიის ლაბორატორიები“, რაც საზოგადოების კრეატიული და პოზიტიური ცვლილებების საშუალებას იძლევა. ახალგაზრდები პრაქტიკულად სწავლობენ დემოკრატიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი გარემოს პოზიტიურ ცვლილებებზე და შენარჩუნებაზე. ისინი პასუხისმგებლობას სწავლობენ და არა პასიურობას, სწავლობენ პრობლემების აღმოჩენას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. საქმიანობაში ჩართულმა ბევრმა ახალგაზრდამ დაინახა, რომ სურვილის შემთხვევაში, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

ადგილობრივი პროექტები წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პრაქტიკას! კომპეტენციები, რომლებიც ახალგაზრდებს პროექტების განხორციელებისას გამოუმუშავდებათ, მომავალში მათ დაეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში.

რა სარგებლობა მოაქვს ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოების ადგილობრივ საქმიანობაში? ბრძენი მენეჯერები დადებითად აფასებენ ახალგაზრდების საქმიანობას - გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება სწორი არჩევანის საშუალებას იძლევა. ახალგაზრდები, რომლებსაც პრაქტიკაში სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ, მომავალში უფრო მეტად აქტიური მოქალაქეები ხდებიან. ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ აქტივობებში ხელს უწყობს საზოგადოების შექმნას, რომლის მახასიათებლებიც იქნება თანამშრომლობა, გახსნილობა, აქტიურობა და მოქმედება.

წაიკითხეთ მეტი:

ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ საქმიანობაში

სამოქალაქო განათლება

ახალგაზრდებთან მუშაობის პრინციპები

ადგილობრივი საქმიანობა ხორციელდება ეტაპობრივად - კვლევა, განხორციელება, შეჯამება

ბმულები და პუბლიკაციები

ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ საქმიანობაში

მონაწილეობას ავღიქვამთ უფრო ფილოსოფიად, ვიდრე მეთოდად. დასაწყისშივე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მონაწილეობა აქტიურობაზე მეტს ნიშნავს. მონაწილეობა გულისხმობს ახალგაზრდებისათვის ძალაუფლების მინიჭებას - რეალურს და არა - მოჩვენებითს.

ახალგაზრდული მონაწილეობა ადგილობრივ საქმიანობაში წარმოადგენს მათ ჩართულობას იმ საქმიანობაში, რომელიც ახალგაზრდების და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასარგებლო იქნება, რაც გულისხმობს საერთო საქმის განხორციელებისას პარტნიორობას. სრული მონაწილეობა არის საუკეთესო, მაგრამ არსებობს ისეთი პრაქტიკული მოსაზრებები, როდესაც სრულად მონაწილეობა შეუძლებელია (მაგ. პროგრამული მოთხოვნები, ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ა.შ.), თუმცა, მიზანშეწონილია სრული მონაწილეობის გამოყენება. სასურველია ისეთი აქტივობები, როცა ინიციატორები ახალგაზრდები არიან, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ზრდასრულებთან ერთად (მოიძიეთ: როჯერ ჰარტის მონაწილეობის კიბე - Roger’s Hart Ladder of Participation).

ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ საქმიანობაში
Kibe_edited.png

როჯერ ჰარტის მონაწილეობის კიბე

მონაწილეობის დონეები:

8. ახალგაზრდების მიერ ინიცირება, გადაწყვეტილებების გაზიარება უფროსებისთვის - ახალგაზრდა და უფროსი ადამიანი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც თანასწორუფლებიანები.

7. ახალგაზრდის მიერ ინიცირება და მართვა - ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას უფროსის მცირედი მონაწილეობით.
6. უფროსების მიერ ინიცირება, გადაწყვეტლებების გაზიარება ახალგაზრდებისთვის.
5. შეთანხმება და ინფორმირება - უფროსი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ახალგაზრდა ინფორმირებულია.
4. დანიშვნა და ინფორმირება - უფროსის მიერ ინიცირებული მოქმედება. ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას და ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში.

ცრუ მონაწილეობა:

3. სიმბოლიზმი - უფროსის მიერ ინიცირება, ახალგაზრდის სავარაუდო ინფორმირება, მისი აზრის მინიმალური გათვალისწინებით.

2. დეკორაცია - უფროსის მიერ ინიცირებული, ახალგაზრდა იაზრებს მიზანს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ დაიგეგმა და განვითარდა მოვლენები.
1. მანიპულაცია - უფროსის მიერ ინიცირებული, სადაც ახალგაზრდა ვალდებულია ყოველგვარი გააზრების გარეშე შეასრულოს უფროსის დავალებები.

Be INvolved პროექტში შევქმენით პირობები ახალგაზრდების ინიციატივების გასახორციელებლად. ახალგაზდებს მიეცათ შესაძლებლობა, პროექტის განხორციელობისას მიეღოთ მონაწილეობა პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ადგილობრივი ბაზის გაანალიზებისას დავგეგმეთ საქმიანობა და ბიუჯეტი, გავწერეთ პროექტი და შემდგომში განვახორციელეთ ის შედგენილი გეგმის მიხედვით, ხოლო, შეხვედრების დროს განვახორციელეთ პროექტების შეფესება.

ადგილობრივ ინსტიტუციებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას უნდა ვიზრუნოთ მონაწილეობის ჩვენებური ხედვის გააზრებაზე. სამწუხაროდ, ახალგაზრდების მონაწილეობა ხშირად საჩვენებლად გამოიყენება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან - ასეთ სიტუაციას გადავწყდით პროექტის განხორციელებისას. ინსტიტუტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ორგანიზაციებთან (რომლების აქტივობებში ჩართვაც გვინდა), შეხვედრამდე  მიზანშეწონილია განსაზღვროთ თანამშრომლობის წესი და ის, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აუცილებელია, რომ ახალგაზრდების აქტიურობა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არ  იქნეს გამოყენებული მათი გეგმებისა და ქმედებების განსახორციელებლად, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება.

სამოქალაქო განათლება - რა კომპეტენციებს ვავითარებთ?

სამოქალაქო განათლების მრავალი განსაზღვრება არსებობს. ჩვენ გვესმის სამოქალაქო განათლება, როგორც პროცესი, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს, იყვნენ მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები თავიანთი ქვეყნისათვის და მთელი მსოფლიოსათვის.

საგანმანათლებლო პროცესი ფართო ცნებაა - არა მხოლოდ როგორც ფორმალური განათლება, არამედ, უპირველეს ყოვლისა - არაფორმალური სწავლება, როდესაც ვსწავლობთ აქტივობების და სხვადასხვა საქმიანობის მეშვეობით მთელი ცხოვრების მანძილზე.  საუკეთესო  სწავლება პრაქტიკულ ნაწილში მიღებული ცოდნაა!

 

სამოქალაქო განათლებისას ვითარდება შემდეგი უნარები:

  • კრიტიკული აზროვნება

  • ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება

  • კომუნიკაციის უნარი

  • ემპათია

  • ტოლერანტობა

  • დისკუსიისა და მოლაპარაკებების პრინციპების კარგი ცოდნა

  • რეფლექსიის უნარი

  • ცნობიერი და კონსტრუქციული მონაწილეობა ადგილობრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

  • დემოკრატიის პრინციპების გაგება და პატივისცემა

  • განსხვავებულ გარემოში საქმიანობის უნარი, განსხვავებული ხედვის მიმღებლობა

  • ურთიერთთანამშრომლობის უნარი

  • საკუთარ განვითარებაზე და გარემოზე პასუხისმგებლობა

  • პროექტის მართვა (დაგეგმვა, ანალიზი, შეფასება, ორგანიზაცია, ანგარიშგება)

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდებთან მუშაობის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვებსაიტზე პირველ რიგში წარმოდგენილია იდეები და მეთოდები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ცოდნა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გაცილებით მნიშვნელოვანია პიროვნების დამოკიდებულება, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობა სურს, რაც ითვალისწინებს ახალგაზრდობისადმი შესაბამის მიდგომას. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ ისწავლოთ მეთოდები, ან თავად ჩამოაყალიბოთ ისინი.

საინტერესო რესურსი ამ საკითხზე - https://www.civiceducation.ge/

ახალგაზრდებთან მუშაობის პრინციპები

ჩვენი გამოცდილება - რამ იმუშავა ჩვენი პროექტის განხორციელებისას? იდეების და ინსპირაციების მოკლე ჩამონათვალი

1. ურთიერთობა - უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სივრცე და დრო მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დასამყარებლად. რეგულარული შეხვედრები უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთჯერადი ღონისძიებები. მხედველობაში გქონდეთ, რომ როცა ზრდასრული ადამიანი პროექტშია, მას უნდა ჰქონდეს დრო და სივრცე, რათა დაამყაროს ნამდვილი ურთიერთობები. ასევე, გარდა საუბრებისა და საერთო გამოცდილებისა, მნიშვნელოვანია პროექტში ერთობლივი საქმიანობა, რისთვისაც აუცილებელია გახსნილი ურთიერთობები და ნდობა. გახსოვდეთ, რომ ყველას არ მოსწონს საუბარი ფორუმზე - ზოგიერთს ურჩევნია პირისპირ საუბარი, რისთვისაც გამოყოფილი უნდა გქონდეთ დრო.

2. ახალგაზრდების სერიოზული მიმღებლობა - გახსნილობა და სიმართლე ახალგაზრდების პატივისცემის საფუძველია. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შეცდომების აღიარების ან იმის თქმის, რომ რაღაც არ იცით; ასევე, არ შეუშინდეთ ახალგაზრდებისაგან სწავლას, ჰკითხეთ მათ აზრი.

უშუალო დამოკიდებულება ახალგაზრდებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა და ეფექტური მუშაობის საფუძველია. სტერეოტიპების თავიდან აცილება აუცილებელია და დამოკიდებულებამ, რომ უკეთ ვიცი, რადგან მე მაქვს მეტი გამოცდილება, შეიძლება გაართულოს მუშაობის პროცესი. ეს მოითხოვს მოთმინების უნარს

 

3. საკუთარი ცოდნის შესახებ საუბრისათვის მზაობა - ახალგაზრდობის აქტივობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს სრულიად განსხვავებული მოდელია, ვიდრე ის, რაც ჩვეულებრივად გამოიყენება. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული სოციალური მოდელები და ბევრი სტერეოტიპი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ პარტნიორული მუშაობისთვის მზაობა. მზად უნდა იყოთ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში საზღვრების დარღვევისათვის (პასუხისმგებლობის და მართვის განაწილება). უნდა დაივიწყოთ ტრადიციული საქმიანობის სქემა, რომელსაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ. ეს გამოწვევაა, მაგრამ ამავდროულად საინტერესო თავგადასავალია!

 

4. გამოცდილების გაზიარება - თქვენი როლი გამოცდილების გაზიარებით ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც დაანახებს მათ პერსპექტივას. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდებს არ უნდა ჰქონდეთ ყველა ინფორმაცია და ყველა კონტექსტი, რომელიც თქვენთვის ცნობილია. იმის ნაცვლად, რომ მათ აწავლოთ, შეეცადეთ დისკუსიების მოწყობას, კითხვების დასმას, სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებას.

თავისუფლების მინიჭებასთან ერთად, უსაფრთხოების უზრუნველყოფაც საჭიროა - სრულიად შეისწავლეთ პროექტი, გაითვალისწინეთ კონტექსტი, შეეცადეთ, რომ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები, შეამოწმეთ ლიმიტები და შესაძლებლობები. ეს დაგვეხმარება, მაგალითად, რეალისტური სამოქმედო მიზნების დასახვაში.

 

5. მზადყოფნა მუდმივი ცვლილებებისთვის - საჭიროა ახალგაზრდებისათვის კითხვების დასმა და რეფლექსიისთვის დროის მიცემა, ასევე, მზად უნდა იყოთ, საჭიროებიდან გამომდინარე, გეგმების ცვლილებისათვის. დაგეგმილი არ მუშაობს? გაქვთ იდეა რამეზე, რაც შეიძლება უკეთესად მუშაობდეს, ვიდრე დაგეგმილი? შეცვალეთ ეს! პროექტი არის ურთიერთობა და ურთიერთობა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივად იცვლება! გახსოვდეთ, რომ ის, რაც ერთ ჯგუფში მუშაობდა, შეიძლება არ იმუშაოს სხვაგან.

 

6. ხელშეკრულება / წესები - პროექტის დასაწყისში ახალგაზრდებთან ერთად უნდა შემუშავდეს მუშაობის წესები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯგუფში უკეთესად და უსაფრთხოდ მუშაობას მისი კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად (მაგალითად, კომუნიკაციის პრინციპები - "მე" რომელიც კონკრეტულ (მოვლენას / სიტუაციას / ქცევას, პატივისცემას და ა.შ.) ეხება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ხელშეკრულების შეცვლა ან სიტუაციაზე მორგება. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შემოღებული წესები ყველასათვის გასაგებია.

7. ავთენტურობა - ახალგაზრდებთან მუშაობისას ზრდასრული უნდა იყოს ავთენტური. თუ მას არ სჯერა რასაც აკეთებს და არ ენდობა ახალგაზრდებს, თუ ის არ გრძნობს თავის როლს, ახალგაზრდები სწრაფად შეამჩნევენ ამას. თქვენ შეიძლება გახდეთ ავტორიტეტი მხოლოდ ავთენტურობის შემთხვევაში - ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა მეთოდი ერთად აღებული.

 

8. დრო - ახალგაზრდების პარტნიორობით პროექტების განხორციელება მოითხოვს დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯგუფის ურთიერთობა,  საუბარი, დისკუსია, გახსნილობა. ეს ყველაფერი  საჭიროებს დროს! ახალგაზრდებთან ინიციატივების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია დროის სწორად განსაზღვრა.

 

9. ინსპირაცია - მსოფლიოში ათასობით ინიციატივა არსებობს, რომლებიც ასახავს ბავშვების და ახალგაზრდების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობას. მოიძიეთ და წაახალისეთ ისინი! დასაწყისში გთავაზობთ იმას, რაც ჩვენ გამოვიყენეთ (მაგალითად, TED Talks-ის დროს):

  • დემოკრატიული სკოლები

  • მონტესორის პედაგოგიკა (Montessori Method of Education)

  • NVC (არაძალადობრივი კომუნიკაცია)

  • კულტურული ანიმაცია

ადგილობრივი საქმიანობა ხორციელდება ეტაპობრივად - კვლევა, განხორციელება, შეჯამება

იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა რეალურად შექმნან ადგილობრივი პროექტები, მონაწილეობა უნდა მიიღონ მათი განხორციელების ყველა ეტაპში. ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ახალგაზრდებისათვის კეთდება ეს თუ მათი მონაწილეობით, რადგან განსხვავება ამათ შორის დიდია. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სრული მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდებმა მთელ პროცესში. რაც უფრო ადრე ჩავრთავთ ახალგაზრდებს პროექტის შექმნაში, მით უფრო სრულყოფილი იქნება მათი მონაწილეობა.

ახალგაზრდები თავიანთი საქმის ექსპერტები არიან - უნდა ესაუბროთ და მოუსმინოთ მათ მოსაზრებებს. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ხშირად არ იყენებენ უფროსებს, როგორც პარტნიორებს, ზოგჯერ კი პროექტის რეალიზებას უფრო მეტი დრო სჭირდება. თუ ახალგაზრდების მონაწილეობის პროცესი თავიდანვე არ იქნება სრულყოფილი, ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს.

 

ადგილობრივი პროექტის ეტაპები:

1. შეფასება

2. რეალიზაცია

3. შეჯამება (შეფასება)

 

მეთოდები - როგორ მოვიპოვოთ ახალგაზრდების მხარდაჭერა ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში?

საქმიანობაში ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ მარტივი მეთოდები, ადგილობრივი რესურსები, რაც პრაქტიკაში შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს და არ მოითხოვს დიდ ხარჯებს / სპეციალური მეთოდიკა. ამის გამოყენება ახალგაზრდებს შეუძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა - მაგალითად, შეხვედრის ჩატარების ორგანიზების შესაძლებლობა. სცადეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტი! თითოეულ ჯგუფში და სიტუაციაში რაღაც განსხვავებული იქნება.

 

დასაწყისი

როგორ დავიწყოთ?

პირველი შეხვედრის ორგანიზება - გააცანით თქვენი იდეა და ისაუბრეთ საკუთარ თავზე. ისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმაზე, თუ რას აპირებთ, გაიგეთ მათი აზრი. მაგალითად, შეგიძლიათ შეხვედრის ორგანიზება, ან თემატური შეხვედრის მომზადება (მაგალითად, ფილმის ჩვენების საღამო, სემინარი დემოკრატიაზე და ა.შ.). დასაწყისში მნიშვნელოვანია შეხვედრა, გაცნობა და გასაუბრება.

თავდაპირველად თქვენი როლი ძირითადად არის პროცესისთვის ბიძგის მიცემა, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნა ახალგაზრდებისათვის, მათთვის ნიადაგის მომზადება, რომ მათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივები და გახდნენ პროექტის თანამფლობელები. 

შეხვედრების დაწყების შემდეგ, დარწმუნდით, რომ ყველას ესმის პროექტში მონაწილეობის წესები, შეიმუშავეთ ერთობლივი ხელშეკრულება / წესები. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა აინტერესებთ და როგორ გინდათ ერთად მუშაობა. 

დასაწყისისთვის შეიმუშავეთ საერთო წესები - მიეცით ახალგაზრდებს შესაძლებლობა თავად შექმნან წესები და შემდეგ დაამატეთ თქვენ ის, რაც თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია. აუხსენით, რომ “წესები” არის ის, რაც გვეხმარება თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და უსაფრთხოდ და დაგვეხმაროს საერთო მუშაობაში. თქვენ შეგიძლიათ დაყოთ მონაწილეები მცირე ჯგუფებად და თხოვოთ, რომ თავად შეიმუშაონ სამი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. შემდეგ თხოვეთ ორ ჯგუფს გააერთიანოს თავიანთი წესები ისე, რომ მიიღონ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. საბოლოოდ, თქვენ გეყოლებათ, მაგალითად, ორი ჯგუფი 3-3 ყველაზე მნიშვნელოვანი წესით, რომლებიც ყველასათვის საერთოა. განიხილეთ ეს წესები და შექმენით წესების საბოლოო ვერსია ამ წესებზე დაყრდნობით. თქვენ, ასევე, თავად შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენი წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მოზარდისათვის, ახალგაზრდული ლიდერისათვის - განიხილეთ ეს წესებიც და შემდეგ დაამატეთ საერთო წესებს. 

მთელი ეს პროცესი, შესაძლოა, მოგეჩვენოთ ხანგრძლივად და ნაკლებად საჭიროდ - თუმცა, ამ წესებზე შეთანხმება მათ აგრძნობინებთ, რომ მათაც უსმენენ და ისინიც მნიშვნელოვანნი არიან თქვენთვის. 

 

მნიშვნელოვანია უფრო მეტი დრო დაუთმოთ ერთმანეთის კარგად გაცნობას. თუ შესაძლებელია, გაატარეთ დრო ერთად - წადით ექსკურსიაზე, მოაწყვეთ ერთობლივი წვეულება, დაუთმეთ მთელი დღე ე.წ. გუნდის შეკვრის (თიმბილდინგი) აქტივობებს და ა.შ. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე იდეა, თუ როგორ დაიწყოთ ერთმანეთის გაცნობის პროცესი. უფრო მეტი იდეის ნახვა შეგიძლიათ ამ ვიდეოში (ინგლისურ ენაზე) - https://www.youtube.com/watch?v=JhXmeBNgdO8&t=384s

1. სახელი და ზედსართავი სახელი - ეს არის მარტივი გართობა, რათა გაადვილდეს სახელების დამახსოვრება. დადექით წრეში. პირველი პირი ამბობს, რომ მისი სახელი და ზედსართავი სახელი იწყება იმავე ასოთი, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს მას (მაგ. მხიარული მარიამი). ყოველი მომდევნო ადამიანი ხელახლა იმეორებს ყველა წინამორბედის სახელს და ზედსართავს.

2. ინტერვიუები

რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება? რას აკეთებდი დღესასწაულებზე? ვისთან ერთად გსურს სადილობა? რა არ იციან თქვენ შესახებ ჯგუფში? რა გსურთ შეცვალოთ მსოფლიოში?

ჯგუფი იყოფა წყვილებად. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, მათ შეუძლიათ ერთმანეთს გადაუღონ ფოტოები. რამდენიმე წუთში ყველა ბრუნდება ოთახში და ყვება მეწყვილის შესახებ.

3. მოყევით დიქსითის ბარათებით საკუთარ თავზე (ეს არის სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც კარგად მუშაობს ჯგუფში). აურიეთ ბარათები, დაალაგეთ იატაკზე და სთხოვეთ მონაწილეებს აირჩიონ ერთი ცალი, რომელიც გარკვეულწილად აღწერს მას. ყველას შეუძლია თქვას საკუთარ თავზე ან ისაუბროს მეწყვილეზე. დანარჩენებს შეუძლიათ დაამატონ რამე, თუ აქვთ ასოციაციები შერჩეულ ბარათზე შესაბამის პირთან მიმართებაში.

 

I დიაგნოზირება და საპროექტო იდეა

ამ ფაზის განხორცილებისას შეეცადეთ ყველა მონაწილეს მისცეთ უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, ისე, რომ მათ რეალურად შეეძლოთ გახდნენ პროცესის მონაწილეები და იგრძნონ პროექტისადმი კუთვნილება. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენივე სოფლის საჭიროებათა კვლევით. ეს, ასევე, კარგი დროა მონაწილეთა ნიჭის და ინტერესების შესასწავლად. ასე რომ, ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ ამ ორი საქმის ერთად გაკეთება. იდეალური ადგილობრივი პროექტი აერთიანებს ადგილობრივ საჭიროებებს და ამ საჭიროების განმახორციელებელ ადამიანებს. ეს არის იდეალური საფუძველი წარმატებული პროექტისათვის!

 

ჩვენს ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე იდეა დიაგნოსტირების განსახორციელებლად:

 

სცადეთ, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა თქვენი ინტერესების გასახორციელებლად (რაც მეტი ვარიანტი იქნება, უკეთესია!). მაგალითად, თუ გსურთ ეკოლოგიასთან და ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, შეგიძლიათ ორგანიზება გაუწიოთ სოფლის დასუფთავებას; ასევე, შეგიძლიათ სოფელში ეკო-მეგობრული სავაჭრო ჩანთების განაწილება, აღნიშნული საკითხის შესახებ სემინარების ორგანიზება; ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფილმების ჩვენება და შემდეგ დისკუსია; ასფალტზე წარწერების გაკეთება წახალისების მიზნით. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მისთვის მისაღებია! ერთად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დააკავშიროთ იდეები ერთმანეთთან. გაგვიზიარეთ ნებისმიერი კარგი იდეა, რასაც თქვენს გუნდთან ერთად მოიფიქრებთ (https://docs.google.com/document/d/1im19rl6IJdJQw8LXp9YOvqpsa6Af98VuCLcq5S87Bc0/edit).

 

ახალგაზრდულ ლიდერს აქვს ორი ძირითადი მოვალოება ამ ეტაპზე:

  • დაეხმაროთ მონაწილეებს იმის გარკვევაში, თუ რა შეუძლიათ მათ, რა არის მათი ძლიერი მხარეები. ეს ხანდახან, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს ახალგაზრდებთან მუშაობისას. დაგეგმეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მათ ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაში. 

  • გააცანით მათ პროექტის საბოლოო შედეგები (რამდენი დრო დაჭირდება პროექტის რეალიზებას, კონკრეტულად რა როლი ეკისრება თითოეულ მათგანს პროექტში, რა კონკრეტული მოვალეობები უნდა განახორციელონ მათ და ა.შ.). ხანდახან ამის წინასწარ დანახვა ახალგაზრდებისთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. 

 

II შესრულება

1. მიზნების განსაზღვრა

მიზნების გასახორციელებლად უნდა იყოს ადაპტირებული პირობები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მიზანი არის გამოწვევა და, ამავე დროს, არ არის შეუძლებელი შესასრულებლად მოცემულ პირობებში. მიზნის მისაღწევად უნდა ვიფიქროთ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც გსურთ იხილოთ თქვენს რეალობაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ხიდის სიმბოლო - ხიდის დასაწყისში დაწერეთ რა არის პრობლემა, რატომ არის ეს პრობლემა და რა უარესდება. ხიდის შუა ნაწილში დაწერეთ რა შეგიძლიათ შევცვალოთ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს ცვლილება. ხიდის მეორე მხარეს დაწერეთ - რა შეიცვალა? რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე? საიდან ვიცით, რომ ცვლილება იმუშავებს. მნიშვნელოვანია, კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა. შეეცადეთ, თქვენი მიზანი იყოს SMART (სპეციფიური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური, დროში გაწერილი)

 

2. დაგეგმეთ აქტივობები

აქტივობების დაგეგმვისას იფიქრეთ როგორც პროექტის განხორციელების პოტენციალზე, ასევე, შესაძლო გამოწვევებზე და დაბრკოლებებზე (დაეხმარეთ ახალგაზრდებს ჩამოთვალონ ისინი; იფიქრეთ იმ გამოწვევებზე, რაც თქვენთვის, როგორც ახალგაზრდული ლიდერისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, მშობელთა თანხმობა, აქვთ თუარა დრო გუნდის წევრებს შესაბამისი აქტივობებისათვის და ა.შ.). 

დასაწყისისთვის თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ “მიმზიდველი, სახალისო აქტივობები და შეხვედრები” (ფილმის ჩვენება, საინტერესო ვორქშოფი, სპორტული ღონისძიება და ა.შ.) და მოიწვიოთ ახალგაზრდები, რათა გაუზიაროთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენს პროექტში ჩართოთ სხვა, ნაკლებად აქტიური ახალგაზრდებიც. 

თქვენი აქტივობების დაგეგმვის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია კარგად შეარჩიოთ ადგილი, რომელიც ყველა მონაწილისათვის კომფორტული იქნება (მაგალითად, უმჯობესია, თუ ასეთი ადგილი არ იქნება სკოლა, ამ შემთხვევაში ახალგაზრდები თავს არ იგრძნობენ შებოჭილად და არ ითამაშებენ მოსწავლის როლს გარემოს შესაბამისად). კარგად იფიქრეთ, ასევე, შეხვედრის ატმოსფეროზე - კარგი იქნება, თუ თან გექნებათ ტკბილეული, ორცხობილა, უალკოჰოლო სასმელი და კარგი გარემო. ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდებიც თავს დაფასებულად და მნიშვნელოვნად იგრძნობენ. 

 

თქვენი პროექტი როდესაც მზად იქნება, თქვენ მას კონკრეტული ფორმა უნდა მისცეთ. ეს ცხრილი ყველა აქტივობის დროში გაწერაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ყველა აქტივობა დაყოთ მცირე მოქმედებებად და შეთანხმდეთ, ვინ რას გააკეთებს და რაზე იქნება პასუხისმგებელი. თუ საჭირო იქნა, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული საქმიანობისთვის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი შექმნათ. ამ შემთხვევაში, აქტივობების სრული სურათის დასანახად მნიშვნელოვანია საერთო შეხვედრების ორგანიზება. 

სამოქალაქო განათლება - რა კომპეტენციებს ვავითარებთ?
ახალგაზრდებთან მუშაობის პრინციპები
ადგილობრივი საქმიანობა ხორციელდება ეტაპობრივად - კვლევა, განხორციელება, შეჯამება

3. პროექტის მიმდინარეობა

პროექტის დაწყების შემდეგ თქვენი როლი შეიძლება იყოს დროდადრო რეგულარული შეხვედრების ორგანიზება. 

თქვენი, როგორც ახალგაზრდული ლიდერის პასუხისმგებლობაა უკუკავშირის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ გრძნობენ თავს მონაწილეები, რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. 

დროდადრო თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ პროექტის მიმდინარეობაზე, გადაამოწმოთ, მიმდინარეობს თუარა ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმილია და რამე ცვლილების განხორციელება ხომ არ არის საჭირო, ვინმე დახმარებას ხომ არ საჭიროებს და ა.შ. 

 

4. შემოთავაზება - offline და online

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი პროექტს და საქმიანობას - ადგილობრივ დონეზე, მეზობლებს, სოფლის მცხოვრებლებს შორის და სხვა დონეზე - ინტერნეტში, მედიაში, რეგიონულ შეხვედრებზე და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის შესაძლებლობებსა და მახასიათებლებზე.

იმისათვის, რომ პლაკატები გააკეთოთ, ბევრი არ გვჭირდება - მხოლოდ დიდი ქაღალდი და საღებავი. კარგი გზაა, ასევე, ასფალტის წარწერები ან შეხვედრები. ხშირად კარდაკარ სიარული და ხალხის მოიწვევა ღონისძიებაზე/პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პირადი მოწვევა ყოველთვის საუკეთესოდ მუშაობს!

პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტში თუ გადაწყვეტთ, დაფიქრდით იმაზე, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებთ და ვინ იქნება პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის შერჩევა, რაც ყველაზე უფრო მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება ახალგაზრდებისათვის. ინფორმაციის გავრცელება პროექტების ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტის საშუალებით, აუდიტორიის გაფართოების კარგი საშუალებაა.

რა ინსტრუმენტები / პლატფორმები უნდა იქნეს გამოყენებული? Facebook, Facebook-ის ჯგუფი, www.wordpress.com (ვებ-გვერდის შესაქმნელად მარტივი პლატფორმა), www.tilda.cc  (ვებგვერდის და ბლოგის შექმნის ინსტრუმენტი), www.canva.com, www.flickr.com  (ალბომების შექმნის პლატფორმა), www.isuu.com  (პლატფორმა ინტერნეტ-პუბლიკაციების, წიგნების გამოსაქვეყნებლად) და ა.შ.

III. შემაჯამებელი შეფასება და საზეიმო ღონისძიებები

პროექტის დასასრულს დაგეგმეთ შემაჯამებელი შეხვედრა. ისაუბრეთ იმაზე, რაც მიღწეულია. შეაჯამეთ ერთობლივი მუშაობის და პროექტის მიმდინარეობის პროცესი. არსებობს შეჯამება/შეფასების მრავალი მეთოდი და თქვენ უნდა შეარჩიოთ კონკრეტული ჯგუფისა და პროექტისათვის შესაბამისი. 

პროექტის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - ეს არის რეფლექსიის დრო და სამომავლოდ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმჯობესია გამოვიყენოთ შეჯამება-შეფასების სხვადასხვა ფორმა. ფორუმზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ანონიმური შეფასებაც. 

თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი, მისი გავლენა საზოგადოებაზე, პერსონალური საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის დონე და ა.შ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პერსონალური, ისე, ჯგუფური შეფასება. კარგია, თუ შეფასების მეთოდებზე უკვე დასაწყისიდანვე გექნებათ ნაფიქრი. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ მასალებს, კითხვარებს, ფოტოებს პროექტის დასაწყისიდან პროექტის ბოლომდე. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოლოდინების და შიშების აქტივობა პროექტის დასაწყისში, შეამოწმოთ ისინი დასასრულს და განიხილოთ თითოეული მათგანი. 

 

პროექტის დასაწყისში შეგიძლიათ თხოვოთ მონაწილეებს მისწერონ საკუთარ თავს წერილი მომავალში. კარგი იქნება, თუ წინასწარ გადასცემთ შაბლონს, რაც დაეხმარებათ წერილის დაწერაში. (მაგალითად, “ძვირფასო ………………… , დღეს ჩვენ ვიწყებთ პროექტს. დიდი ინტერესით ველოდები ………………… ვფიქრობ, ამ პროექტით მე ვისწავლი, თუ როგორ უნდა …………………, ვიპოვი ………………… , გავაკეთებ ………………… , ვშიშობ ………………… , ვფიქრობ, დამჭირდება დახმარება ………………… ჩემი მიზანია ………………… მე ვფიქრობ, ………………… პროექტის განხორციელების შემდეგ. ამით მე მინდა შევცვალო ………………… სიყვარულით, შენი ………………… ). წერილის ფორმულირება თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ. ასეთი წერილის მიღება რამდენიმე თვის შემდეგ დიდ გამოცდილებას შეგძენთ და დახმარებას გაგიწევთ უკეთ გაიგოთ, რა განახორციელეთ პროექტის განმავლობაში და რისი შეცვლა მოახერხეთ უკეთესობისაკენ!

 

რამდენიმე იდეა პროექტის შეფასება-შეჯამებისათვის:

1. თაიმლაინი - მოამზადეთ თქვენი პროექტის თაიმლაინი; ჩამოწერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც თქვენი პროექტის განმავლობაში მოხდება. მოამზადეთ ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია და თხოვეთ მონაწილეებს მონიშნონ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი ინტერესი და მოტივაცია აქვთ; მონიშნონ ის აქტივობა, რომლითაც ყველაზე მეტი ისწავლეს; ადგილი, რომელიც ყველაზე დიდ გამოწვევასთან ასოცირდება მათთვის; მომენტი, როდესაც ყველაზე ამაყად გრძნობდნენ თავს ამ პროექტში მონაწილეობის გამო და ა.შ. გამართეთ დისკუსია თაიმლაინის და პერსონალური შეგრძნებების შესახებ.

 

2. თემის გავლენა - იფიქრეთ თქვენი პროექტის ყველა სამიზნე ჯგუფზე (პირდაპირი, არაპირდაპირი). დაჯექით წრეზე და თხოვეთ თქვენი პროექტის მონაწილეს გაითამაშოს კონკრეტული სამიზნე ჯგუფის წევრის როლი (მაგალითად, საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობისას, ესენი შეიძლება იყვნენ მშობლები, ბავშვები, მასწავლებლები, ახალგაზრდები, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, …) და მიეცით მათ საშუალება უპასუხონ კითხვებს: “რას შეცვლის პროექტის განხორციელება თქვენს ცხოვრებაში?”, მოისმინეთ პასუხები და განიხილეთ გუნდში. ასევე, იფიქრეთ იმაზე, რომ თუ გექნებოდათ შესაძლებლობა თავიდან დაგეგეგმათ პროექტი, რას შეცვლიდით უკეთესობისაკენ? რატომ? 

 

3. ღიადაბოლოებიანი წინადადებები - დაწერეთ დიდ ფურცლებზე დაუსრულებელი წინადადებები. მაგალითად, მე მომეწონა…, შემაწუხა…, შევცვლიდი…, მე ძალიან ვაფასებ…, ვისურვებდი, რომ მომდევნო ეტაპზე…, მე განსაკუთრებით ვისიამოვნე…, და ა.შ. 

 

4. შეეხე ვინმეს, ვინც… - ეს მეთოდი ეხმარება მონაწილეებს რეფლექსიაში და გუნდის სხვა წევრების მიმართ მადლიერების გამოხატვაში. თხოვეთ ყველას, რომ დასხდნენ წრეში თვალდახუჭული და ჩუმად. შეგიძლიათ ჩართოთ რამე წყნარი მუსიკა ამ დროს. მნიშვნელოვანია, რომ თხოვოთ მონაწილეებს თვალები აქტივობის დასრულებამდე დახუჭული ჰქონდეთ. შეეხეთ ორ-სამ ადამიანს, თხოვეთ მათ გაახილონ თვალი და დადგნენ ცენტრში. ახლა უთხარით მათ: შეეხეთ ვინმეს, ვინც…:

შთაგაგონათ/დაგეხმარათ რამეში პროექტის მიმდინარეობისას/ვისთანაც ისურვებდით მომავალში თანამშრომლობას. თითოეული შეკითხვის შემდეგ, მიეცით მათ 20-30 წამი, რათა შეეხონ რამდენიმე ადამიანს.

ამ რაუნდის შემდეგ თხოვეთ მათ ისევ დასხდნენ და ამჯერად სხვა 2-3-მა ადამიანმა გააკეთოს იგივე (შეკთხვები შეიძლება განმეორდეს). სხვა სავარაუდო შეკითხვები: ვინ გაგამხნევათ? ვინ შთაგაგონათ ახალი იდეით? ვისთან ისურვებდით კონტაქტის გაგრძელებას? ვის უკეთ გაცნობას ისურვებდით? ვინ გაგაღიმათ? ვისთან ერთად განიცადეთ რაღაც განსაკუთრებული?

პროექტის დასრულების შესაძლებლობაც აღსანიშნავია! ერთობლივად უნდა აღინიშნოს, რაც ერთად გაკეთდა. შეგიძლიათ წვეულების, ექსკურსიის, პიკნიკის ორგანიზება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გსურთ აღნიშვნა.

მიეცით უფლება ახალგაზრდებს, თავად გაუკეთონ ორგანიზება დღესასწაულს - მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ რისი გაკეთება ურჩევნიათ. თუ შესაძლებელია, მიეცით მათ უფლება თავად განკარგონ ამისათვის მცირე ბიუჯეტი. 

კარგი იქნება, იფიქროთ მადლობის და დაფასების გამომხატველ სიტყვებზე, რომლებსაც მონაწილეებს გადასცემთ ზეპირად ან წერილობითი სახით. დაწერეთ, რა ძლიერ მხარეებს და ტალანტებს ხედავთ კონკრეტულ პიროვნებაში, რას აფასებთ მასში ყველაზე მეტად, მისმა რომელმა თვისებამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ა.შ. 

პროექტის დასასრულს, თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ მომავალში - მოხალისეებისათვის შეხვედრის ორგანიზების და ერთობლივი საქმიანობის მეთოდიკის თვალსაზრისით.

ბმულები და პუბლიკაციები

http://competendo.net/ ახალგაზრდებთან მუშაობის მეთოდები და ხერხები

https://www.mitost.org/editions/initiativecookbook/THK/Cookbook_English/THK-Cookbook_English.pdf - პროექტის მართვა პრაქტიკაში

https://mitost.org/editions/mentoringhandbook.html - მენტორის სახელმძღვანელო

https://theodor-heuss-kolleg.de/wp-content/uploads/2019/04/THK_publications_Diversity_Dynamics_English.pdf - მრავალფეროვნებისა და საგანმანათლებლო პროცესის სახელმძღვანელო

www.coe.int/compass - ახალგაზრდებთან მუშაობის პრაქტიკული სახელმძღვანელო

https://theodor-heuss-kolleg.de/wp-content/uploads/2019/08/THK-publications-In-Other-Words-ABC-Of-Facilitiation-English-revised-small.pdf - არაფორმალური განათლების, ფასილიტაციისა და სწავლების თეორიის საწყისი

https://issuu.com/iacberlin/docs/the_art_of_dialogue_ver_10_w_doppia - შემოქმედებითი პროექტების იდეები, რომლებიც ეხება კულტურათაშორისი დიალოგის საკითხებს

http://insha-osvita.org/wp-content/uploads/2018/01/Can-you-draw-it-for-me-2017-demo_02.pdf - ძირითადი იდეები, თუ როგორ უნდა დაიწყოს ვიზუალური ფასილიტაცია

ბმულები და პუბლიკაციები
33.jpg

გაგვიზიარე იდეა

 შთააგონე სხვები 

Up Icon.png
  • Facebook
  • Pinterest
  • Instagram
Rita.png
Kona.png
Betka.png
Temuri.png
TT.png
Hygge.png
50045962_215007409453284_119610991332399
bottom of page